sábado, 26 de marzo de 2011

რობაქიძის მიმართვა ახალგაზრდობისადმი

მოწყვეტილი ვარ ჩემს დედა მიწას, ხოლო შორეული ფესვებით მაინც მასთან ვარ. ეს ფესვებია უცხოეთში რომ მაცოცხლებენ. ქალნო და ვაჟნნო, ახალგაზრდებო! დღე არაა თქვენთვის და თქვენზე არ ვფიქრობდე გულაჩუყებული და თვალზე ცრემლმორეული. კომუნიზმი შეიჭრა თქვენში, მაგრამ თანვე იმასაც ვიგულვებ, რომ ეს შეჭრა სულ ძირა ფენებს თქვენი არსისა ჯერ არ წვდენია. თუ რა არის ეს ფენები, ამას ერთი მაგალითით ნათლივ დაგისახავთ: იყო ერთი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი, ქართული მას არ ემარჯვებოდა, საქართველოსგან ბავშვობიდან იყო მოწყვეტილი, იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. იმ წუთებში როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირყევა საუკუნეთაგან გამჯდარი ფესვებით, მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც, მომაკვდავმა ქართულად იწყო ლუღლუღი. აი რა ძალის არიან შიდა ფენები ადამიანისა, განსაკუთრებიT ქართველისა. ეს, რომ არ ვიცოდე, ამ სიტყვითაც არ მოგმართავდით. თქვენც იღეთ ყურად სიტყვა ესე, სიტყვა, რომელიც წრფელი გულიდანაა წარმოშობილი და მამულის გრძნობებით თქვენსკენ მიმართული. და აი ამ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ესმა მას ხმა წინაპრებისგან, იქაა გულისძგერა და მაჯისცემა საქართველოსი, იქაა გონმეტყველება მისი. ისმენთ ამ ხმას და თქვენში წამოიჭრებიან: წმინდა ნინო რომელმაც ვაზის ჯვარით გვაზიარა ქრისტეს მცნებას, დავით აღმაშენებელი - ფუძემდებელი საქართველოს ხელმწიფებისა, ქეთევან დედოფალი - წმინდა ნინოს დობილი, წამებული ვაზის ჯვარისათვის, მესიტყვენი დიდი კარდუსი, ჩვენი მითიური გენისა, იაკობ ხუცესი, გიორგი მერჩული, შოთა, საბა - სულხან ორბელიანი, ილია, აკაკი, ვაჟა. და ითქმის სიტყვა ესე თქვენს ყმაწვილგულებში.

ახალგაზრდებო! ხალასნერგებო საქართველოს მომავალისა, გესმით, გიხმობთ ქართველი მწერალი, რომელსაც მწერლური გეზი ჯერ კიდევ მარჯვეთ აქვს შემართული მარჯვენათი, ციურ - მეწამული ალამი საქართველოსი. ისმინეთ ხმა ჩემი და ჩემთან ერთად გადასძახეთ მშობლიურ მთა-ველებს: დღეგრძელ იყავ საქართველოვ !!!


No hay comentarios:

Publicar un comentario