აფხაზეთის ომი.. რუსული გეგმა თუ ქართული ვაჭრობა
აფხაზეთის ძმათაშორის გაჩაღებული ომის შემდეგ უკვე ცხრამეტი წელი გავიდა. ეს ომი არც ჩვენ და ენგურს გაღმა დანრჩენილებს არ გვავიწყდება. თუმცა ამ ომს სახელმწიფოებრივი შეფასება დღემდე არ აქვს, არც არავინ დასჯილა ომის წამოწყებითვის და არც სამხედრო ტრიბუნალს დაუსჯია მოღალატე სამხედრო პირები. ექვსი წელი გველოდნენ აფხაზები რას შევთავაზებდით, რას ვეტყოდით, ჩვენ კი მუდმივად ნაწყენის და მაინდამაინც მართალის პოზიცია ვარჩიეთ. პოლიტიკურმა ამპარტავნებამ კი იქამდე მიგვიყვანა, რომ გაგრას, სოხუმს და გალს, კოდორის ხეობაც მივამატეთ, რომელიც ჩვენვე მივატოვეთ დაუცველი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დავკარგეთ. იმედი, რომ აფხაზეთს ოდესმე ბრძოლით დავიბრუნებდით სამუდამოდ დავასამარეთ.
რა მოხდა სინამდვილეში, რა გახდა ძმათაშორის ატეხილი ომის მიზეზი ამაზე საუბარი წლების შემდეგაც კი დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. რა გახდა ტყვიის გასროლის მიზეზი, უკავშირდება თუ არა რკინიგზის ძარცვას ან აფხაზეთში ზვიად გამსახურდის მომხრეების გააქტიურებას ომის დაწყება, ამის ძიებას გვინდა თუ არა მაინც რუსეთის მზაკვრულ გეგმამდე მივყავართ და სამწუხაროდ ამ გეგმის განხორციელებაშიც იმდროინდელ პოლიტიკურ ლიდერებსაც დიდი წვლილი მიუძღვით. ყველაფერი კი ბევრად უფრო ადრე ასე დაიწყო.
თემურ გოგსაძე - ადვოკატი.
"მოსკოვში აგვისტოს გეკაჩეპეს შემდეგ რუსეთში აქტიურად დაიწყეს ფიქრი როგორ უნდა მოხდარიყო საბჭოთა კავშირის აღდგენა. მოსკოვთან ახლოს არის კოსმონავტების ქალაქი ზვიოზდნი, სადაც შედგა კრება-შეთქმულება და იქ საქართველოს შემდეგ უკვე პუტჩის წამომწყები პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ. სწორედ მაშინ შემუშავდა გეგმა "კავკასნი ტრიუგოლნიკ". ეს ფაქტი ბევრჯერ გავახმაურე, დავწერე პრესაშიც, ჟურნალ "მეოხში", რომ საქართველში დემოკრატული ლოზუნგით მოხდებოდა სამოქალაქო დაპირისპირება და ამას უნდა მოჰყვებოდა სამაჩაბლოს და აფხაზეთის კონფლიქტი, მაგრამ ამაოდ. მალე ყველაფერი რუსული გეგმის მიხედვით განვითარდა. ჩვენივე უგუნურებით შიდა სარკინიგზო პრობლემა გავხადეთ სამხედრო კონფლიქტის მიზეზი. ვერ გავაცნობიერეთ ომში შეთრევის საფრთხე და ჩვენც პირდაპირ ჩავეხუტეთ ამ პროვოცირებულ სივრცეს. მაშინ გვქონდა შანსი გამოგვეყენებინა სახელმწიფოებრივი ბერკეტები და სკანდალი აგვეტეხეა მთელს მსოფლიოში, ან თავად სომხებისათვის შეგვებრუნებინა შექმნილი ვითარება და გაგვეხადა ჩვენივე სტაბულურობის გარანტი. მაგრამ, ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ და პირიქით სომხები ისე გაგვინაწყენეს, რომ ამან გამოიწვია ბაგრამიანთა ბატალიონის შექმნა, რომელიც ამ ომში განსაკუთრებულად აქტიურობდა. ახლა კი უკვე აფხაზებს სადაც კი ხმა მიუწვდებათ ყველგან გაჰყვირიან, რომ ომი ჩვენ დავუწყეთ."
ვიდრე რუსული გეგმა ამუშავდებოდა საქართველოშიც და მთლიანად კავკასიაში, თბილისში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. საზოგადოება დაიყო პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ქვეყანაში ძალმომრეობის პოლიტიკა ბატონობდა და სამხედრო დაჯგუფების ლიდერები არავის ემორჩილებოდნენ და ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება თვითდინებაზე იყო მიშვებული
ვახტანგ ყოლბაია - "დემოკრატიული მოძრაობა" - ერთიანი საქართველოს გენერალური მდივანი.
"კონფლიქტი აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებამდე ბევრად ადრე დაიწyო, როცა 1989 წელს, მდინარე ღალიძგასთან მოხდა შეტაკება. რუსეთის სახელმწიფოს მიერ წინასწარ დადგმული ეს პატარა სპექტაკლი საკმარისი აღმოჩნდა მომავალი ომის კარგად დასაგეგმად. ამით მან თითქმის წინასწარ მოხაზა მომავალი ომის გეგმა თუ როგორ უნდა მომხდარიყო აფხაზეთის სრული ანექსია. ამის შემდგომ არც არაფერი გაკეთებულა ისეთი, რომ ეს კონფლიქტი აღმოფხვრილიყო, ოფიციალურ თბილისს მიაჩნდა რომ აფხაზეთში ერთი თითის დაქნევით მოაგვარებდა პრობლემას, რასაც წინ უძღვოდა "ფსოუს წყლის დალევის" ფაქტიც. ამ საქციელმა აფხაზები საკმაოდ გააღიზიანა."
ლონდერ ცაავა - აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე.
"რკინიგზასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები რომ სწორად წარმართულიყო ეს ომი შეიძლება თავიდან აგვეცილებინა. გინდა მილიცია გაგეგზავნა, გინდა უშიშროება, ეს მაინც მოხდებოდა, მაშინ არ გვყავდა კვალიფიცირებული კადრი. იმდროისათვის კიტოვანი ანგარიშგასაწევი ფიგურა იყო და მან თქვა: მე შევალ ჩემი ჯარითო და ასეც მოხდა. ედუარდ შევარდნაძე წერდა თავის მემუარებში, გუდაუთაში გადაბარგებულ არძიმბასთან თავად რომ წასულიყო მოსალაპარაკებლად შესაძლოა ომი თავიდან აგვეცილებინა." თუმცა რიგი პოლიტიკოსები იმასაც ამბობენ:
ნოდარ ნათაძე – პარტია "სახალხო ფრონტის" თავმჯდომარე.
"აფხაზეთის ომის დროს, შევარდნაძემ როგორც მთავარსარდალმა იმუშავა მტის მხარეზე".
სიმართლის ჩიება და მიზეზების დადგენა ცხრამეტი წლის შემდეგაც ძალიან ჭირს. საქართველოში არავის უნდა აღიაროს დამნაშავე ვარ და საკუთარი წილი პასუხისმგებლობა იკისროს ამ ომის ცუდად წარმართვაში ან ტერიტორიის დაკარგვაში.
ირაკლი ბათიაშვილი – ფილოსოფოსი, 1992-93 წლებში დაზვერვის ხელმძღვანელი.
"ომამდე არძიმბასაც და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს პირდაპირ რუსეთიდან აქეზებდნენ. მაგალითად, გენერალი ბიპაევი, რომელიც კიტოვანთან მეგობრობდა, ერთად სვამდნენ და ჭამდნენ, პირდაპირ მოუწოდებდა წასულიყო სოხუმში. აფხაზეთში ომის დაწყებამდე ცოტახნით ადრე უშიშროებაში შედგა თათბირი და უფროსმა, გამოცდილმა კოლეგებმა თქვეს, რომ აფხაზეთში ჯარის შეეყვანა არაფრით არ შეიძლება, თვით რკინიგზის დაცვის სურვილითაც კი, ვინაიდან თუ ვინმეს ჰგონია რომ რუსეთი კეთილგანწყობილია კიტოვანისადმი და კიდევ სხვებისადმი ეს არის ტყუილი, ისინი ხვალ იარაღას ჩვენსკენ შემოატრიალებენ. ეს ოქმი ოფიციალურად არსებობს.
ომის დაწყებას სახელმწიფოს მეთაური წყვეტს. იმ დროს კი ქვეყანაში ვითარებას მართავდა შევარდნაძე, სიგუა, კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი. თუმცა შევარდნაძე მხოლოდ რკინიგზის დაცვით შემოიფარგლებოდა."
სიმართლეს თავისი ფერი და ფასი აქვს, თუნდაც დაგვიანებული აღიარება, რომ საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის გეგმის განხორციელებაში მიღო მონაწილეობა ვინ იცის რამდენ ადამიანს მისცემს შვებას. მომხდარის გამოძიების სურვილი კი მაშინვე ჩანასახშივე ჩაახშვეს და სისხლის სამართლის საქმე ნომერი 2293877 "აფხაზეთის ომის დამარცხების მიზეზები" - შეაჩერეს.
ეკა სარალიძე
No hay comentarios:
Publicar un comentario