ხვალ თქვენც ჩვენი დღე მოგელით !
რევოლუციური გზით მოსულ საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭოში და ნატოს ღია კარში შესვლა უძილო ღამის სიზმრად გადაექცა. სამხედრო სფეროში ჩატარებულ რეფორმების შედეგად შეიქმნა რეგულარული, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური და საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა აწიოკებული ქვეყანა ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ჩაერთო. ხელისუფლებამ განაცხადა: ჩვენი მისია ავღანეთში ნატოს სტანდარტებს აკმაყოფილებსო. მაგრამ, ნატოს კანონმდებლობაში ერთი პატარა პუნქტია, სადაც სწერია, რომ ქვეყანას რომელსაც ნატოს ალიანსში გაწევრიანების სურვილი აქვს ომის ვეტერანი სოციალურად დაცული უნდა ჰყავდეს და მისი მინიმალური პენსია 700 დოლარს უნდა შეადგენდეს.
საქართველოში უკვე დიდიხანია რაც არსებობს ომის ვეტერანთა დეპარტამენტი, რომლიც დანიშნულებაც და არსებობაც პიარ ბილბორდს უფრო ჰგავს ვიდრე სახელმწიფო სამსახურს, რომელიც ვეტერანთა სოციალური მდგომარეობით უნდა იყოს დაინტერესებული. ომის ვეტერანების ბედი და მათი სოციალური მგომარეობით მას შემდეგ დავინტერესდი, როცა ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომში გაღუპულთა ოჯახების მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა დაიწყო და ერთი სიტყვითაც არ გახსენებია 1992-93 წლებში დაღუპული მეომრების ოჯახები და ვეტერანები. წელს ორი წლის წინანდელი აგვისტოს ომი მკერდზე ყაყაჩო მიკრულებმა გაიხსენეს, ხოლო 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე მხოლოდ ორიოდე, სამადლო სიტყვით.
გასაკვირი არც არაფერი არ უნდა ყოფილიყო, საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოება ხომ ჩარეცხილებად უკვე დიდიხანია მოიხსენია, მაგრამ შერისხულების სიაში ომის ვეტერანების მოხვედრა, ეს უკვე მეტისმეტია. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ომის ვეტერანი ჰყავს ქვეყანაში მათ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, აქვთ უფასო მკურნალობა, საყოფაცხოვრებო შეღავათები და ემსახურებათ ფსიქოლოგი. საფრანგეთსა და ამერიკაში, უძლიერესი სამხედრო ვეტერანთა ორგანიზაციები არსებობს, ეს იმაზე მეტყველებს რომ ამ ქვეყანას ბრძოლაც და მებრძოლის პატრონობა შეუძლია. ამის მაგალითია მაკ კეინი, რომელიც ყოფილი მებრძოლი იყო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა. საქართველოში კი სადაც მხოლოდ ნატოს სამხედრო ალიანსში მოხვედრის პრეტენზია გაგვაჩნია, ვეტერანები ბედისა და ღვთის ანაბარად არიან მიტოვებულები. ხელისუფლებამ იგნორირება არ აკმარა და ვეტერანებზე დევნა-შევიწროვება გამოაცხადა. კერძო და სახელმწიფო სამსახურებიდან განთავისუფლებული ომის ვეტერანთა რიცხვი კატასროფულია.
მალხაზ თოფურია - ომის ვეტერანი: არც წინა ხელისუფლება იჩენდა დიდ ყურადღებას ომის ვეტერანების მიმართ, მაგრამ მაშინ ასეთი იგნორირებულები და შერისხულები მაინც არ ვიყავით. დღეს ყველანაირი საარსებო გზა გვაქვს გადაკეტილი. ვეტერანთა დეპარტამენტიც ფორმალურადაა შექმნილი, მათ არანაირი დაფინანსება არ აქვთ და რეალურად სხვათა თვალის ასხვევადაა შექმნილი. ყველა სამსახურის კარი დაკეტილია ჩვენთვის, გვაქვს მხოლოდ 22 ლარი პენსია, ისიც ყველას არა და უფასო სამგზავრო ტალონი. 95 % უმუშევარი და დევნილია ჩვენი ხელისუფლებისაგან, მხოლოდ 5 % პროცენტი მუშაობს. მათ შეგნებულად არ ვეკონტაქტებით ბიჭები, როდესაც თანამებრძოლი მირეკავს ტელეფონს ვუთიშავ, იმიტომ, რომ ჩემს გამო ისიც არ დაითხოვონ სამსახურიდან. რა ვქნათ, რა გავაკეთოდ, ვფიქრობთ, ვეძებთ გამოსავალს, ჩვენს უკან ხომ ჩვენი ოჯახები დგას, რომლსაც 22 ლარი პენსიის მეტით ვერაფრით ვეხმარებით. მაგრამ ხელისუფლებამ უკვე ყველა გზა გადაგვიკეტა.
გიორგი მაჭარაშვილი - ომის ვეტერანი: მე მებრძოლი ვარ და ვიცი როცა ქვეყანას დავჭირდები მაშინვე უნდა ჩავდგე მებრძოლთა რიგებში. 2008 წელსაც ვიყავი ომში. როდესაც უკან ვბრუნდებოდი, გზადაგზა ვკრეფდი გაქცეული მეომრების გადაყრილ იარაღს, რომელიც მერე თავდაცვის სამინისტროს ჩავაბარე. აქამდე ყველაფერს ვითმენდით და ვიტანდით მხოლოდ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ყურადღებას მოგვაქცევდნენ. მაგრამ, თუ აქამდე ჯანმრთელობას მაინც ვაქცევდით ყურადღებას და სამხედრო ჰოსპიტალი გვემსახურებოდა უფასაოდ, ახლა ხელისუფლება ამასაც ყიდის და საბოლოოდ უიმედოდ დაგვტოვეს. ჩემი მეგობარი, რომელიც ჩემთან ერთად იბრძოდა, სამარშუტო ტაქსების ხაზზე მუშაობდა, იძულებული გახადეს სამუშაოდან წამოსულიყო, დღეს ოჯახი მშიერი ჰყავს. მეც ვიდრე სამსახურიდან დამამცირებლად გამომიშვებდნენ, როგორც ეს ჩემს ბევრ თანამებრძოლს გაუკეთეს, ვარჩიე თავად წამოსვულიყავი. ბოლო წამამდე გვცდის ჩვენი ხელისუფლება სანამდე გვეყოფა მოთმინება.
თამაზ გოჩიაშვილი - ომის ვეტერანი: ჩემმა თანამებრძოლმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანმა ერთ დღეს მშიერ შვილს სახლში ერთი პურიც, რომ ვერ მიუტანა გავიდა ოთახიდან და თავი ჩამოიხრჩო. ამ ზღვარამდე დღეს ბევრი ვართ მისულები. სამხედროეროვნული გვარდიის დეპარტამენტში ვმუშაობდი, რევოლუციის მერე უბოდიშოდ დამითხოვეს. ამის მერე ჩემთვის თითქმის ყველა სამსახურის კარი დაკეტილია. მითხარით რა გზას დავადგე, როგორ მოვიქცე, მე ხომ ოჯახი მაქვს და შვილები მყავს, ჩემს შვილებს ხომ უნდა მომავალი და ელემენტარული ის ერთი ლუკმა პური რომლითაც უნდა იარსებონ. ჩემი პენსიით შეიძლება ოჯახის რჩენა?
თამაზ თეიმურაზოვი - ომის ვეტერანი: 16 წლის ვიყავი, ახლა რომ "თინეიჯერს" ეძახიან, როცა ხელში იარაღი ავიღე და სამშობლოს დასაცავად წავედი. ერთი წამით არ დამიტოვებია ბრძოლის ხაზი, ბოლო წამამდე ჩემს ბატალიონთან ერთად ვიყავი. მეუღლე აფხაზი მყავს. ომის შემდეგ კოჯორში მეხანძრედ ვმუშაობდი, სახელმწიფოსგან უამრავი მადლობის სიგელი მაქვს მიღებული. წელს ვაკის პარკში 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღე აღნიშნეს მებრძოლებმა, მეც ჩემი ბატალიონის ბიჭებთან ერთად ავღნიშნე. ამის გამო სამსახურიდან გამანთავისუფლეს, რომლის ბრძანებაც თბილისიდან იყო მოსული.
საქართველოს ხელისუფლებას ვეტერანთა სოციალური მდგომარეობა და არსებობა, რომ არ აინტერესებს ეს ფაქტია. ვეტერანთა დეპარტამენტი, რომელიც განდიდებული მებრძოლებითაა დაკომპლექტებული ხელისუფლების გეგმას "დააპირისპირე და დააჩოქე" მხარი აუბეს საკუთარი თანამებრძოლების სიცოცხლის ხარჯზე. დღეს ერთმა ჩამოიხრჩო თავი, ხვალ სხვა რას მოიმოქმედებს არავინ იცის და არც აინტერესებს ხელისუფლებას. დრო კი ვეტერან მებრძოლთა მდგომარეობას დღითი დღე ამძიმებს. ხელისუფლებამ ისინი გაწირა და ხვალინდელი დღეც აღარ დაუტოვა, ხოლო მათი მოთმინების ძაფიც დღითიდღე "..თვალი გაახილეთ ჯარისკაცებო, ხვალ თქვენც ჩვენი დღე მოგელით.." განაცხადა ჩვენთან საუბრისას ვეტერანმა მებრძოლმა თამაზ გოჩაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატოს ღია კარში შესვლაზე ოცნებობს. ხოლო ნატოს მოთხოვნაში ერთი პატარა ქვე პუნქტია, რომელიც დამოკლეს მახვილივითაა ჩამოკიდებული სახელმწიფოებრივ ოცნებაზე.
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომს ვინ დაივიწყევს, ან ქართველს რათ უნდა ბილბორდზე დაწერილი "გვახსოვდეს აფხაზეთი", როცა საქართველოში ოჯახი არაა დარჩენილი, რომ ამ ომის კვალი არ ეტყობოდეს.
ეკა სარალიძე.
No hay comentarios:
Publicar un comentario