martes, 17 de agosto de 2010

გოგია



ჩემი უმცროსი ძმა, გოგია-გოგი!


სამნი ვიყავით. არ ვიცი, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მხოლოდ მე ვარსებობ. სანამ ცოცხალი ხარ გესმის, ხედავ, განიცდი, იტანჯები, ხანდახან ხარობ. ჩემი ძმა რიგითი, ჩვეულებრი თბილისელი ბიჭი იყო. ხატავდა. არასოდეს არ ყოფილა ცნობილი ქართველი მხატვარი და არც არასოდეს გასჩენია მსგავსი აზრი. ხატავდა თბილისის ქუჩებს, ძირითადად რუსთაველს და მთაწმინდის უბნებს, ჩანახატებს ათასგვარ თემაზე. ზოგჯერ დიდი ტილოების ხატვასაც ახერხებდა. უეჭველად ჰყონდა ხატვის ნიჭი, მხატვარი იყო ნამდვილად. საუბედუროდ, ბავშვობაში გადატანილმა ავადმყოფობამ და მაიცდამაინც არასახარბიელო ბავშვობის წლებმა უარყოფითი შედეგი გამოიღო და მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო ყველაფერ ამას.

1991 წელის დეკემბრის ველურობამ, გაგანია ყაჩაღობამ და თბილისელების და ერის ორ ნაწილად გახლეჩამ საერთოდ გადარია - გადარია იმ გაგებით, რომ იგი აღარ და ვეღარ არჩევდა ვინ ვინ იყო. მთავრობის სახლში ისე შედიოდა და გამოდიოდა, რომ ხალხი გაოცებული იყო. იქ მეომრებს ხატავდა. მისთვის სულ ერთი იყო ვის. პოლიტიკისა არასოდეს არაფერი არ გაეგებოდა. ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, რისთვის ებრძოდნენ ასეთი გამეტებით ერთმანეთს ქართველები ამ შუაგულ თბილისში. მისი ცხოვრება ასე დასრულდა: ..92 . 1 მარტს მირეკავენ ქალაქის პროკურატურიდან "- თქვენი ვინ არის გიორგიო…?" ცუდად მომხვდა გულში. "რა ხდებათქო..? "-"უნდა მობრძანდეთ პროკუტატურაშიო.." მივედი. ეხლა მორგში წამობრძანდითო. წავედით - გასაგებია მე მგონი ყველაფერი! 2 მარტს, ზუსტად მის დაბადების დღეს სახლში მოასვენეს. ხელისუფლება და პროკურატურამ დაადგინა - "ეს თვითმკვლელობა არისო, თავი ჩამოიხჩოო!" რას ვიზამდით, ნერვები არ ჰქონდა წესრიგში და იქნებ მართლაც ასე მოხდა? მეგობარი, ახლობელი მეგობარი, განათლებით ფსიქოლოგი მაწყნარებს და მიხსნის, რომ ასეთი რამ ხშირია, მითუმეტეს თუ რაიმე ფსიქიკური დაავადება გაქვსო! მე ამდენი არ ვიცოდი და გავჩუმდი. ორიოდე დღეში გავიგეთ შემზარავი რამ: ხელები სქელი მავთულით ჰქონია შეკრული უკან…….? ასე დამთავდრა ჩემი უმცროსი ძმის, ორმოცდაორი წლის კაცის ამბავი.

ვინც მას და მის გარემოს იცნობდა მათთვის გოგია და მისი ეს ნახატები ძვირფასია და დაუვიწყარი თავისი შინაარსით.

No hay comentarios:

Publicar un comentario