sábado, 24 de julio de 2010

წარსული, მომავალი !


..კოწია!!!!!
არავინ და არაფერი იკარგება...
ვინც კოწიას არ იცნობდა ბევრი დაუკარგავს. თუმცა ყველა ჩვენგანის მოგონებებში არსებობდა ვიღაც მსგავსი პიროვნება. კოწია იყო კაცური კაცი! ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის არ არსებობდა არავითარი კანონი, არავითარი ბრძანება, პარტია, ის მშობლიური პარტია ყველას რომ გვზრდიდა და მივყავდით წინ გამარჯვებისკენ. მისი საქმე და საზრუნავი იყო მისი ოჯახი, ხარები, სიმინდის ყანა, ვენახი, დამყნა, ტყის გამოხშირვა და ათასი მსგავსი რამ. ყველანაირად ბუნებასთან იყო დაკავშირებული. ზეპირად იცოდა როგორ მთვარეზე რა უნდა გეკეთებინა ან არ გეკეთებინა. ხუთი შვილი გაზარდა, მათ შორის ერთი, ძალზედ ახალგაზრდა დაეღუპა, უბედური შემთხვევით. შვილიშვილებს და მათ შვილებს მოესწრო კოწია მაგრამ ის ტკივილი მუდამ ჰქონდა. ეჭვი ჰქონდა-მომიკლესო და ეს იყო მისთვის ყველაზე შეურიგებელი ამ ცხოვრებაში.
ეჰ, ჩემო კოწო!
ყველი ამოყავდა, ჭადს აცხობდა, და ხელებზე რომ შეგეხედათ-ჭუჭყიანი გეგონებოდათ. ეს იყო სასწაული, ერთი ჭიქა წყალიც კი იყო საკმარისი, რომ ხელი გადაებანა. აბა რა ჭუჭყი შეიძლება მიწის მუშას, გლეხ კაცს რომ ჰქონდეს. ქვეყნიერება იცნობდა კოწიას. განსაკუთრებით მწერლობა და ხელოვანი ხალხი. კინოფილში მიიღო მონაწილეობა, გიორგი დანელიამ გადაიღო. სერგო ზაქარიაძე და ასეთი სიმაღლის ადამიანებთან ჰქონდა საქმე. ჭინკებიო, ეკლესიაზე სულები დადიანო ღამღამობითო და რა ვიცი.. გვაშინებდა ბავშვობაში. ძნელად თუ დაიჯერებ ადამიანი, მაგრამ კოწიამ ზეპირად იცოდა რამდენი ძირი, ვენახს თავი დავანებოთ, ადვილი დასათვლელია, სიმინდი, რამდენი ცალი კვახი ქონდა. რომელ ხეზე რამდენი ხილი ესხა. დამიჯერეთ-არაფერს არ ვიგონებ. ღამე შევიპარებოდით ან ვინმე ერთ-ორ ტაროს სიმინდს მოტეხდა ყანაში და ამ დალოცვილმა უკვე იცოდა! – შენ შეგჭამა მამალმა მგელმაო! ეს იყო მისი განუყრელი სიტყვები როდესაც ან საქონელი გადმოვიდოდა მის მიწაზე ან კიდევ ხარი არ დაუჭერებდა.
..მამალი მგელიო.! ერთი თვისება ჰქონდა, რომლის არ გახსენება არ შეიძლება - უყვები რაღაცას, ახსენებ ვინმეს - "უი, რავა არ მახსოვს 12 იყო მაისის, ხუთშაბათი დღე იყოო!" გადირევი კაცი, საიდან იმახსოვრებდა ამდენ და ამდენ სახელებს, გვარებს, თარიღებს, თანაც ზუსტს. გადირევიც - მისი სიტყვაა, სტაქანიო, სტოლიო.. . წუღებს კერავდა. მთელი სოფელი უკვეთავდა. კერა და კერა წუღები კოწოიამ, სანამ შეეძლო. ხილის ხე არ ყოფილა ზედ რამოდენიმე ნაყოფი რომ არ შეენახა, იცით რატომ-ზამთარი ფრინველები ჭამენო! წალდი, ნაჯახი - "ხელი არ ახლოთო, ახალი ალესილი პირი აქო!" გამარგვლა, გამოროდება.. , რამდენი ასეთი სიტყვა, როგორ გადმოგცემდა წინაპრების ამბებს, თვეების სახელებს, ჟრიანტელი გაგივლის ტანში როდესაც იგონებ. კიდევ ერთი რამ, ჭადი და ყველი დევს მაგიდაზე, ჭამე რამდენიც გინდა, მაგრამ კოწია ყველაფერს აკვირდება, იცის ყველაფრის ფასი და გეუბნება, გეუბნება სვხათაშორის: "ბევრი ჭადი უნდა ჭამო და ცოტა ყველიო!" ყველიც მისი ამოყვანილია და ჭადიც მისი გამომცხვარია ბუხარში.
გახსოვს ჩემო კოწო-თაში (ასე გამოთქვამენ იმერეთის ზოგიერთ სოფელში-მთას) რუსის, უფრო სწორედ საბჭოთა ჯარი რომ იდგა და ისროდენ და აფეთქებდნენ იქაურობას. მაგრამ როდესაც სოფელში ჩამოივლიდდნენ, ორორი ან სამსამი და დაინახავდი რას ამბობდი: "ებიჭო დავალევიოთ ახლა მაგათ არაყი, მაგისთვის არიან ჩამოსულებოიო." მაშინ ვინ გაარკვევდა ვინ იყო რუსი, უკრაინელი, ბელორუსი, ქართველებიც ხომ იყვნენ მათ შორის.
ჩემო კოწო, წევიდენ ის რუსები, წევიდენ მარა ვაი მაგათ წასვლას…..
დაპატარავდა საქართველო კოწო! გახსოვს ოსი კაცი, ჩამოსიძებული რომ იყო ჩვენ სოფელში, ხოდა აი იმ ოსის სამშობლო და ჩვენი მიწაწყალი ეხლა რუსებს ეკუთვნის. ის ქალიც ხომ გახსოვს, აბხაზმა რომ წაიყვანა და მე მგონი გუდაუთაში ცხოვრობდა ბედნიერად, ის აბხაზეთის რუსებს ეკუთვნით. "კი, მარა რატომო იკითხავ?" მაქვს მაგის პასუხი მაგრამ შენ სახელს ვერ დაუკავშირებ ჩემო კოწო.
როგორი სტუმრები გვყავდა? –გიორგი გეგეჭკორიო, ბუხუტი ზაყარიაძე, სესილია თაყაიშვილი, კარლო საკანდელიძე.. დდი ქართველი ხელოვანნი ..! ელდარ შენგელაია, ჯანსუღ კახიძე, რეზო ჭეიშვილი.. აგერევა სათვალავი. ბატონი მიხეილ თუმანიშვილი, მთელი თავისი დასით. ჩვენთვის და მაქაურობისათვის უძვირფასესი ქალბატონი მაკა ჯოხაძე. ბევრი გამომრჩება და არ მინდა ვაწყენინო მათ სახელებს. შემდეგში მათ სათითაოდ უნდა დაუთმოთ სათანადო წერილი, ისინი ყველანი ქალბატონები და ბატონები არიან და იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას.
შენმა სახელმა და ნაშიერმა გაიხაროს, ჩემო კოწია! მე ჩემი მხრიდან, ჩემი შვილებიც და მათი შვილებიც მოგიგონებენ, გადავა ისე, როგორც აქამდე გადმოვიდა..!
ეს წერილი ჩემო კოწო, დავწერეთ თინამ, ხომ გახსოვს გამთენაძის ქალი? ისე უყვარხარ, ისეთი სიყვარულით გიხსენებს როგორც ახსოვხარ - შენი ფრიალა, თეთრი ქუდით და მე.

No hay comentarios:

Publicar un comentario