sábado, 10 de julio de 2010
...ბასკეთი... ჭური... ბაასი...
საოცარია ბასკეთი! აქ ყველაფერი ძალიან ლამაზია, ბუნება, მთა, ზღვა, ძველი და ახალი, ყველაფერი შეხამსებულია. ერთი შეხედვით შეიძლება ვერ შეამჩნიო, მაგრამ აშკარად განსხვავებული ერია. გარეგნობით, ხასიათით, აზროვნებით. ენა - წარმიდგინეთ, რომ მსიფლიოში უძველესი ენა აქვთ შენარჩუნებული. არ ვიცი, გრიგოლ რობაქიძის ენით რომ ვთქვათ, აშკარად არსებობს ბასკური გენი. საფრანგეთის სამხრეთი, დაახლოებით ქალაქ ბორდოდან, პირენეის მთების დასავლეთი ნაწილი, ნავარა, და დღევანდელი “”ეუსკალ ერრია”” ანუ ბასკების ქვეყანა-დღევანდელი ბასკეთის ავტონომია, ეს ის მიწებია სადაც ისტორიულად ბასკური ტომები ცხოვრობდნენ. საოცარია, რომ სწორედ ნავარაში და მის მეზობელ საფრანგეთის ტერიტორიებზე შეგიძლიათ მოისმინოთ ნამდვილი, უძველესი ბასკური. სწორედ ამ ტერიტორიებზე ნახოთ ნამდვილი ბასკური ტრადიციული ოჯახები, თავიანთი ოდა სახლი იქნება თუ მათთვის ეგრედ წოდებული “ბაზზერია”. ბუხარი, დედაბოძი, ჩუქურთმები, ხეზე იქნება თუ ქვაზე. ამ “ბაზზერიების პირველი სართულები ისე კოხტად აქვთ გადაკეთებული ბარებად და სასადილოებად, რომ ისვენებ ადამიანი. თანამედროვე მუსიკა გნებავთ-ინებეთ, ცეცხლი გნებავთ, რომ ენთოს ბუხარში-ინებეთ. სამზარეულო - ეს კიდევ სხვა საკითხია. დაივიწყეთ, რომ ესპანეთSი ლოკოკინებს და მზგავს საჭმელებს ჭამენ. თქვენს თვალწინ ყველაფერი ახალია, ცოცხალი ხორციო, რომ იტყვიან, თევზეული უგემრიელესი, ლორი, ძეხვეული, ყველი და რა ვიცი რა გნებავთ, ბატკანს შეგიწვავენ, გოჭს, ქათამს, ლობიოსაც მოგართმევენ, თუმცა ჩვენი შეკმაზული სხვაა. ჭადს აღარ ვახსენებ, ჩვენზე ადრე კი ჰყოდათ სიმინდი მაგრამ ჩვენებური ჭადი.. ? ღვინო, როგორი გნებავთ, შავი, ვარდისფერი, თეთრი, არაყი-ნამდვილი ჭაჭა, ჯერ გაგასინჯებენ და თქვენ ამოირჩიეთ. გულახდილი მინდა ვიყო, ჩემს ქართულ სამზარეულოს არაფერი მირჩევნია, გნებავთ ღვინო, მანავის მწვანე, ალექსანდროული, ციცკა თუ ცოლიკაური. ნიგოზს, მწვანილს და სუნელებს იშვიათად ხმარობენ. მიუხედავად ამისა ყველაფერი ძალზედ გემრიელია. გესმის ბასკური, უსმენ, გინდა, რომ რაიმე გაიგო, იქნებ ერთი სიტყვა მაინც დაამსგავსო ქართულს, ძნელია, გესმის რაღაც უცნაური და ხვდები, რომ ეს არ შეიძლება იყოს გუშინ მოგონილი, გრძნობა გკარნახობს - ეს უძველესი ენაა. დამწერლობა არასოდეს ჰქონიათ, ყველაფერი თაობიდან თაობაში გადმოვიდა. ხვდები, რომ დამწერლობა მეორე ხარისხის საკითხია. ისევე როგორც ჩვენ დედაენას და სხვა კავკასიურ ენებს არაფერი საერთო არ გაგვაჩნია დანარჩენ ევროპულ ენებთან ბასკურიც ასეთივე უპირატესობით სარგებლობს ამ შუაგულ ევროპაში. საუბარია ათასობით საუკუნეებზე. გაუძლეს და გაუძელით. როგორ შეილება არ იამაყო? დამოუკუდებლობა გვინდაო! მეტი რა დამოუკიდებლობა გინდა - საზღვარი მხოლოდ რუქებზეა აღნიშნული….. . ბასკეთის სკოლებში ამა წლის სექტემბრიდან ყველა საგნის სწავლება სასწავლებლის დამთავრებამდე მხოლოდ ბასკურ ენაზე იქნება და თუ არ მოგწონს უნდა ეძებო კერძო სკოლა, რომელიც კარგა ძვირი დაგიჯდება. ამათი დამოუკიდებლობა მათი საქმეა, ამ თემაზე საუბრის უფლებაც კი არა მაყვს.
ეჰ, ჩემი სოფელი. მეზობელი რომ დაგპატიჟებს, კოლია ჰქვია, პატარა სუფრასთან, ტაბლასთან, მაგიდაზე ბლომად ახალი ხახვი, ოხრახუში, პრასი; უნდა დაფერხო, ახალი გარეცხილია და ჩააწო მარილში. ცხელი ჭადი, ალბათ მჭადი აჯობებდა, და ჭყინტი ყველი. დოქი დევს მიწაზე, ცივი ღვინით. ეს ღვინო შენს თვალწინ ამოიღო ჭურიდან. ჭურის მოხსნა, შიგ პატარა ჭიქის ან ჯამის ჩაშვება და ოდნავ მორევა, რომ არაფერი ამოყვეს, ეს ხომ ზღაპარია! არავინ დედამიწის ზურგზე არ იცის და არც არასოდეს სცოდნია ყურძნის, ღვინის და ჭურის ასეთი სათუთი მოვლა და სიყვარული როგორც ჩვენ, ქარველებმა. იმ ჭურისთავზე შესმული ერთი ჭიქა უდრის ერთი ბოთლის ღვინის დალევას. ჭურისთავზე რომ დგეხარ შენში თავისთავად ამოდის ყურძნის და ღვინის მადლი. პატარა ჭიქები: - აბა, პირველად დიასახლისს (ხაზეიკას), ანუ მარუსას გაუმარჯოსო.. . ხაზეიკას მოაქვს ლობიო, ქათამი ნიორწყალში ჩადებული.. . უფრო საუბრობთ, სინამდვილეში არც მშიერი ხარ და არც გწყურია. ბევრ რამეს გაიგებთ ერთმანეთისგან. სწორედ ამ დროს იხსენებთ წარსულს, ძველ ადათსა და ჩვევას. სადღეგრძელოებს თავისთავად მიყევხარ წარსულში. ეს მოგონებები სამუდამოდ რჩება შენს გონებაში და შემდეგ გადასცემ სხვას. მადლობას უხდი მასპინძელს და მიდიხარ. მასპინძელი კმაყოფილია, სტუმარი ყავდა და გაუმასპინძლდა საკადრისად. ცხოვრება გრძელდება.. . ხვალ ისევ თოხი, ყანა თუ ვენახის მიხედვა.. . რა შუაშია აქ ცივილიზაცია..!
Suscribirse a:
Enviar comentarios (Atom)
No hay comentarios:
Publicar un comentario