lunes, 29 de noviembre de 2010

ისევ და ისევ უცნაურობა.

თითქოს კვლავ და მერამდენედ იწყებთ ბრძოლას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ? მე თქვენს მხარეს ვარ ანუ ამ უსაშინელესი ხელისუფლის და მისი ამალის წინააღმდეგი. ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს იმ აზრს, რომ ეს ხელისუფლება არა თუ უვარგისია არამედ დამღუპველი, ქვეყნის დამაქცეველი და ჩვენი ერის ღირსებისათვის სრულიად მიუღებელი.

რამდენი ათეული წელი უნდა გავიდეს, რომ მივხვდეთ, საკმარისზე საკმარისია პარტიები! თუ კი ერთი მიზანი გამოძრავებთ, თუ კი ეს სიმართლეა და ნამდვილად გსურთ და გინდათ ხელისუფლების შეცვლა ამას ერთობა და მხოლოდ და მხოლოდ ერთობით თუ მიაღწევთ! პოლიტიკოსი არა ვარ მაგრამ რა საჭიროებას მოითხოვს ყოველდღიურად ახალი გაერთიანებები და ახალი პარტიების შექმნა? სამწუხაროა და ძალზედ სამწუხარო, რომ დღითი დღე ჩნდებიან ისეთი სახეები რომელთაც დანახვა ადამიანებში შიშს და ზიზღის მეტს არაფერს იწვევს? ცხადია გვარებს არ დავასახელებ. ზოგადად ვიტყვი: ეროვნულ მოძრაობაში გამოიჩეკენ, შემდეგ მათივე უშუალო მონაწილეობით არჩეული ხელისუფლება დაამხეს, შემდეგ ისევ საბჭოთა იმპერიის მონა მორჩილს ემსახურებოდნენ - ედუარდ შევარდდნაძეს, შემდეგ ყვავილების რევოლუციაში მონაწილეობდნენ და ეხლა ისევ გაჰყვირიან და უფალი უწყის რას აპირებენ. ყველა მიხვდება ვისზეა საუბარი და ვინ არ განეკუთვნება ამ ადამიანებს, მაგრამ სამწუხარო ის გახლავთ, რომ უმრავლესობას მაინც ის პიროვნებები შეადგენენ ვითაც ჩემის აზრით ხალხის ნდობა აქვთ დაკარგული, ზოგიერთნი კი საერთოდ წყალწაღებულია და სჯობს გაჩუმდნენ, ყოველ შემთხვევაში წინა რიგებში ნუ დადგებიან და მიკროფონს ხელს ნუ მოკიდებენ. ჩემი ეს სიტყვები არა მხოლოდ გულახდილია არამედ სინამდვილეს შეეფერება და ყველა ჩვენგანის საერთო მიზნის მისაღწევად არის საჭირო. მე განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო და მიუთითო მათ ვისი მოღვაწეობაც არ გამოადგა საქართველოს თანამედროვე ისტორიას და თავს თვლიან, სიმართე იქნებოდა მეთქვა, თავი წარმოუდგენიათ ეროვნულ გმირებად ან მოღვაწეებად. არ შეიძლება შეურაცყოფა არც ჟურნალისტის და არც არავისი, არ შეიძლება ძალადობა, არ შეიძლება ყველაფერი ამისაკენ მოწოდება. არ შეიძლება გაბრაზებული და უიმედო ხმით მიმართო ხალხს: "… ჩვენ აქა ვართ და გამოდითო..." არ შეიძლება ასე აშკარად გაჰყვიროდე-რუსეთი, რუსეთი გვიშველისო! ამ მოწოდებაში თავისთავად ცუდი არაფერია და რუსეთან უეჭველად უნდა აღვადგინოთ, დავამკვიდროთ კეთილი ურთიერთობა, მაგრამ ასე აშკარად და თითქმის იძახო, რომ ჩაერიონ ჩვენს შინაურ საქმეებში არ გამოიყურება ლამაზად და შესაძლოა ძალზედ დიდი განხეთქილება მოახდინოს მოსახლეობაში.

ნუ ჩავიდენთ ისეთივე (ვიღაცისთვის შეცდომას)დანაშაულს როგორც 91 წელს! მშვიდობიანი გზა-ეროვნული დაუმორჩილებლობაა! მხოლოდ ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ბრძოლის გზა. ჩვენ გვცემენ, დაგვაპატიმრებენ, დაგვემუქრებიან და რას არ გააკეთებენ, მაგრამ სწორედ ამას უნდა გაუძლოთ და შედეგი უეჭველად ნაყოფიერი იქნება ჩვენთვის. მხოლოდ ერთობა და კიდევ ერთხელ ერთობა. ვიღაც 2013 წელს ელოდება, პრეზიდენტი უნდა გავხდეო? ვიღაც ფიქრობს იქნებ ეხლა მაიც შევძვრე სადმეო? არა, ქალბატონებო და ბატონებო ეს აღარ მოხდება! ხალხი მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის მთქმელს და წარსულის დამგმობს გაჰყვება. ხალხს, ადამიანებს ძველი ჭირი ურჩევნიათ ვიდრე ახალი და გაუგებარი,

ვის, რომელ ერთს გაჰყვნენ? პასუხი ამ შეკითხვაზე სასწრაფოდ უნდა გაეცეს და მოსახლეობამ დაუყონებლივ უნდა დაინახონ ერთი ან შესაძლოა ორი ადამიანის სახე, მხოლოდ იმ დახასიათებით მატარებელი რომელიც ზემოთ მოგახსენეთ: სიმართალის და წარსულის დაგმობა.

მე რიგითი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ისევე მიყვარს ჩემი ქვეყანა როგორც თქვენ და მილიონ ჩვენს თანამემამულეს. მათაც, ვისთანაც ვერ ვპოულობთ საერთო ენას,(აქ ხელისუფლება და მისი ფინიები არ ითვლებიან) მათაც ასევე უყვართ საქართველო და ერთმანეთში საერთო ენა უნდა გამოვძებნოთ. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის (მე მგონი) ნახევარზე მეტი უცხო ქვეყნებში ცხოვრობენ და აქვთ უდიდესი სურვილი სამშობლოში დაბრუნებისა.

უცხოეში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა გაცილებთ მეტი იციან საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ვიდრე თავად საქართველოში. სწორედ ისინი დავარწმუნოთ, რომ ამ ხელისუფლებამ შექმნა პირველი და მეორე ხარისხის მოქალაქეები, რომ ისინი მეტის ღირნი არიან და და ეს რა საკვირველია ამ ბოროტი ხელისუფლის დამსახურებაა!

miércoles, 24 de noviembre de 2010

როსტომ აბრამიშვილი

მოგონება.


რისთვის ვცოვრობთ, მოგონებები და წარსული თუ არ გახსოვს, მოსაგონარი თუ არავინ გყავს ფასი არა აქვს შენს არსებობას. იყავი მდიდარი, მაძღარი და რა? მოგონებამ არ იცის სიმდიდრე და სიღარიბე. ვის იგონებ, ძირითადად მათ ვინც კვალი დატოვა, ზოგმა ღრმა, ზოგმა ნაკლებად, შესაძლოა შენთვის სრულიად უცხო, უცნობი და მხოლოდ ერხელ ნანახი ადამიანიც კი მოგაგონდეს. გააჩნია ვინ,რა და როგორ.


არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს ერთი კაცური კაცი მომაგონდა - ბატონი როსტომ აბრამიშვილი. აბრამის კი არა ქართველი ერის შვილი იყო. გვარი რა შუაშია? დახვეწილი, ინტელიგენტი, წარსულს და თანამედროვეს მასში ვერ გაარჩევდი. ისტორიკოსი და რაც მისი ცხოვრების არსი იყო არქეოლოგი. მის ერთგულებას, სიყვარულს და საქმის ცოდნას ვერ შევეხები, ეს თვისებები იმდენად ცალსახა, გარკვეული და მიზანდასახული იყო, რომ მე ვერ შევაფასებ. კვალი დატოვა და ვერავინ ვერ შეავსებს ამ კვალს, იმიტომ , რომ არ შეიძლება მისი შევსება. უფროსი, ხელმძღვანელი, მეგობარი ყველაფერი იყო ერთად. გაბრაზება იცოდა და ისეთი, რომ უცნობზე შეიძლება უარყოფითი შთაბეჭდილება დაეტოვებინა. მაგრამ მე ხომ ვიცნობდი და მათთვის ვინც იცნობდა ეს გაბრაზება მოფერება უფრო იყო. არ ვცდები. ვიცი ბევრი დამეთანხმება, ბევრი კი არა ყველა ვინც მას იცნობდა. ყველაფერში, სრულიად ყველა საკითხში ახერხებდა შუალედის პოვნას, მდგომარეობის გაწონასწორებას - სამსახური, თანამდებობა, ოჯახი და რა ვიცი. ეს ძალიან ძვირფასი და იშვიათი ნიჭია.


აი მხოლოდ ეს, ჩემო ბატონო როსტომ. მე თქვენი ნაცნობობით უსაზღვრო მადლობელი ვარ.


პატივიო..?

დღეს ევროპარლამენტში გამოვიდა სიტყვით. როგორც ჩვევიათ რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ხაზს უსვამს, უკვე მერამდენედ, რომ ასეთი პატივი ევროპალლამენტში სიტყვით გამოსვლისა მხოლოდ დალაი ლამას ჰყონდაო! უნდა ვიამაყოთ? როგორც ხელისუფლება და მისი მსახურები გვეუბნებიან კიო! არ შეიძლება, რომ ხაზგასმით არ ავღნიშნო: ყველაზე ნათლად რაც გამოაცხადა და რაც გაიმეორა ორჯერ ეს იყო: პირობას ვდებ თქვენს წინაშეო, რომ არასოდეს არ გამოვიყენებ იარაღს ამ ორი რეგიონის მიმართო! ნიშანდობლივია, უეჭველად და თავისთავად კეთილი განზრახვაა. მინდა ისიც ავღნიSნო, რომ გაცილებით, შეუდარებლად "რბილი” სიტყვებით ახსენებდა რუსეთს. შეიძლება მე მეჩვენება და ვცდები, მაგრამ დრომ და განსაკუთრებით კი ლისაბონის შეხვედრამ თვალი აუხილა ამ კაცს. მიხვდა, არა მიახვედრეს: ეე, სად და როგორი გზით მიდიხარო? დაახლოებით ასე: ჩვვენ დღეს ახალი სოფელი უნდა ავაშენოთო და წესიერად მოიქეციო. ეხლა საკითხავი ის არის რუსეთი რას ფიქრობს ყოველივე ამაზე. არა მგონი, რომ ასე იოლად, დღეს და ხვალ გაიყვანონ თავიანთი ჯარები. თავად აფხაზები და ოსები რას ფიქრობენ. ენდობიან? არა მგონი. კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები რას ფიქრობენ, რას აკეთებენ? ლისაბონმა და დღეს ევროპარლამენტში გამოსვლამ დაგვანახა, რომ პრეზიდენტი დასუსტებულია. სიტყვა და საქმე ეხლა საქართველოს მოსახლეობას ეკუთვნის, ჩვენს ერთობაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ერთად ყველაფერს შევძლებთ! უნდა მივაღწიოთ, უნდა გადავდგათ ერთი გაბედული ნაბიჯი და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენ თავად შეგვიძლია მივხედოთ ჩვენს ქვეყანას.